მეწარმე ქალების გაძლიერება საქართველოში 2022
ესტონეთის ლტოლვილთა საბჭო და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს სამეწარმეო პროგრამას დევნილი ქალების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მხარდასაჭერად.
პროგრამის მიზანია მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში არსებულ ხუთ დევნილთა დასახლებაში (წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი, შავშვები, ხურვალეთი) და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ოთხ სოფელში (ოძისი, მჭადიჯვარი, ლამისყანა, ქვემო ჭალა) ქალების სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მათი ბიზნეს უნარებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერების გზით.
პროგრამის შედეგად, სამიზნე ლოკაციებზე, ჯამში 20 სტარტაპ ბიზნესი და 20 არსებული ბიზნესი შესაბამისად მიიღებს 3500 და 7000 ლარის ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას (სტარტაპი - 1000 ევრო, არსებული ბიზნესი - 2000 ევრო). ბიზნეს იდეის დაფინანსებასთან ერთად, შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ 6 თვიანი მენტორინგის პროგრამა და მიიღონ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული რჩევები გამოცდილი კონსულტანტებისაგან.
ქალთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლიდან მეორედ ხორციელდება სამიზნე ლოკაციებზე და მოიცავს ტრენინგების სერიებს სამეწარმეო უნარების განსავითარებლად. პროგრამა, ასევე, მოიცავს ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგებსა და მენტორინგს, რათა დევნილმა და ომით დაზარალებულმა ქალებმა მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში შეძლონ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის განხორციელების ეტაპები:
- ბიზნეს იდეების მიღება. სააპლიკაციო პროცესი დაიწყება 2 თებერვალს და გაგრძელდება 21 თებერვლამდე. ბიზნეს იდეების გამოგზავნა მოხდება ონლაინ სამეწარმეო პლატფორმაზე . წეროვანში, წილკანში, ფრეზეთში, შავშვებში, ხურვალეთში, ასევე, ოძისში, მჭადიჯვარში, ლამისყანასა და ქვემო ჭალაში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში.
- შერჩეული ბიზნეს იდეების განვითარება, ტრენინგ სესიები, ბიზნეს გეგმის შემუშავება და ატვირთვა. პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ხუთდღიან ტრენინგს, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას. ტრენინგები ჩატარდება დევნილთა დასახლებებიდან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ სოფლებიდან განცალკევებით 2022 წლის მარტში. ხუთდღიანი ტრენინგი სტარტაპ ბიზნესისა და არსებული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალ-ცალკე გაიმართება და ძირითადი თემები იქნება ბიზნესი, მეწარმეობა, სტარტაპი, დიზაინერული აზროვნება, ბაზრის ანალიზი, SWOT, წარმოების პროცესი, მარკეტინგი, თანამშრომელთა მენეჯმენტი. ტრენინგისთვის შერჩეული 80 ბიზნეს იდეიდან შეირჩევა 40 იდეა - 20 სტარტაპი და 20 არსებული ბიზნესი.
- შერჩეული ბიზნეს იდეებისათვის გრანტის გადაცემა. ჯამში 40 ბიზნეს იდეა, რომელიც მოწვეული კომისიის შეფასების მიხედვით იქნება შერჩეული, მიიღებს ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭრას:
- 20 სტარტაპ იდეა მიიღებს 3500 (1000 ევრო) ლარის შესაბამის ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას.
- 20 არსებული ბიზნესი მიიღებს 7000 ლარის (2000 ევრო) შესაბამის ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას. გაითვალისწინეთ, რომ არსებული ბიზნესის მფლობელს აღნიშნულ შემთხვევაში მოეთხოვება 10%-იანი თანადაფინანსება;
- 6 თვიანი მენტორინგის პროგრამა. 6 თვიანი მენტორინგის პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული კვალიფიციური რჩევები გამოცდილი კონსულტანტებისაგან.
- ბიზნესის მართვის ტრენინგი. 3 დღიანი ბიზნესის მართვის ტრენინგი პროგრამის მონაწილეთათვის ჩატარდება ივლისის თვეში და ფოკუსირებული იქნება მონაწილეთა სპეციფიურ საჭიროებებზე, რომელიც საშუალებას მისცემთ ბიზნესის განხორციელებისას წამოჭრილ პრობლემებსა და გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდნენ.
მიღებული გრანტის გამოყენების წესები:
- საგრანტო თანხები აუცილებელია მოხმარდეს ბიზნეს გეგმების განხორცილებას, წარმოდგენილი ბიუჯეტების საფუძველზე. გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორებმა თავად უნდა მოიძიონ და ტექნიკა და საჭრო მატერიალები, ასევე ინვოისები და მიღებული დოკუმენტაციის შესაბამისად მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი მოახდენს თანხის გადარიცხვას გამყიდველ კომპანიებთან.
- აპლიკაციის შევსება და ტრენინგზე დასწრება არ არის დაფინანსების გარანტია.
- პროგრამა მხარს უჭერს ნებისმიერ ბიზნეს იდეას.
- აქტივებზე დაფუძნებული მხარდაჭერა დაუშვებელია შემდეგი მიზნებისთვის: სახელფასო სარგოების გასაცემად, ჯარიმებისა და სახელმწიფო მოსაკრებლების გადასახდელად, ინდივიდუალური სამოგზაურო ან სასწავლო გრანტების დასაფინანსებლად, განმცხადებლის სასამართლო საქმეების განსახილველად ან სასამართლო დავებისთვის, ჰუმანიტარული სახის პროექტების დასფინანსებლად, სხვა სახის ხარჯების დასაფინანსებლად რომელიც გათვალისწინებული არ არის პროექტის ბიუჯეტში.
აპლიკაციების შევსების პერიოდია 2-21 თებერვალი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 09:00-დან 18:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- Tel: 557 435 455 – ეკატერინე ზარიძე
- Tel: 599 410 250 – ნანა ჩქარეული
- ელ.ფოსტა: womenfbf@gmail.com
